პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ხელს შეუწყობენ უკანონოდ დარჩნენ სხვა ქვეყანაში ან დაეხმარებიან, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მისაღებად, პასუხისგებაში მიეცემიან. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს.
როგორც ხულორდავა ამბობს, ხელისუფლებას კანონპროექტის მიღების საჭიროება მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საქართველოდან უკანონო მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა.
„უვიზო მიმოსვლის შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუმცა, ეს არ არის შეთანხმება, რომელიც უპირობოდ მოქმედებს. ამ შეთანხმების მიღებას წინ უძღოდა გარკვეული მოლაპარაკებები. არსებობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა, რაც მთლიანად ევროკავშირის ხელშია. სამწუხაროდ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ძალიან გაზრდილია უკანონო მიგრაციის შემთხვევები, ჩვენს მიმართ უკვე არსებობს მოთხოვნა, რომ გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის საკანონმდებლო, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გამოავლინოს თავისი ნება, რომ არ ვუწყობთ ხელს, არ ვახალისებთ უკანონო მიგრაციას. სწორედ ამან გამოიწვია კანონპროექტზე მუშაობა“, – განაცხადა ხულორდავამ.