„დამატებითი პრობლემების მოგონება არ გვჭირდება, პრობლემები არსებობს საოკუპაციო ზოლთან და მის გადაჭრაზე მუშაობს მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და საერთაშორისო პარტნიორები“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ვცდილობთ, იქ პრობლემების პრევენცია მოხდეს და პრობლემების მოგონება, ამაზე კომენტარების კეთება პოლიტიკური წრეებიდან და ამით მანიპულირება, არის მინიმუმ უხეში სპეკულაცია, ამაზე უარესი სიტყვები არ მინდა, გამოვიყენო, ჩემს რეპუტაციას გავუფრთხილდები. ჩვენმა ოპონენტებმა იკადრეს, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შეექმნათ. ადგილობრივმა შეიძლება ისაუბროს, მაგრამ ვიდრე არ გადაამოწმებ, მანამდე რომ პოლიტიკურ სპეკულაციას მართავ, ეს არის სწორედ შენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. როდესაც მსგავსი ინფორმაციის გადამოწმება ხდება, სხვა ადამიანების შესვლა შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, ხომ არ შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უწყებრივად ეს არ ევალება, შევიდეს-გამოვიდეს, ყველაფერი აკეთოს, ასეთი მიდგომა არ შეიძლება. არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს, ეს იყო მხოლოდ განცხადებების ფონზე გამოწვეული სპეკულაციები და აჟიოტაჟი. არის სიმშვიდე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში არიან, მუშაობენ ჩვენთან ერთად, ხურვალეთში საერთოდ არაფერი არ ხდება და არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს“,– განაცხადა მდინარაძემ.