საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის, ისევე, როგორც აქ მყოფებისათვისსაქართველოს ძველი და ახალი დროშის წინ დგომა რაღაც სხვა განცდაა, რომელიც ბევრ რამესთან არის დაკავშირებული და მათ შორის , ჩვენს სამშობლოსთან. ამ ორივე დროშისათვის ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე დადო ქვეყნისათვის და იმისათვის, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა ყოფილიყო სამარადისოდ.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა 9 აპრილს დაღუპული გმირების გახსენებით დაიწყო და სასახლეში შეკრებილ სტუმრებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ნათელ ხსოვნას.
,,დღეს, 9 აპრილს, აქ, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჩვენ პირველად ვატარებთ ერთად, ერთობლივ ღონისძიებას და ამისათვის მადლობა თქვენც!
აქ მოვიპატიჟეთ პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ყველა წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ამ ადამიანების დამსახურებაა.
თქვენი აქ ყოფნა ნიშნავს მათ აღიარებას. მათი აქ ყოფნა საზოგადოებრივი თანხმობისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
დღეს აქ არიან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახების წევრები და არის ის უზენაესი საბჭო, რომელმაც კარი გაუხსნა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს არ არის შემთხვევითობა.
9 აპრილი არის თარიღი, რომლის მიმართ თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში ტრაგიკული თარიღია. ეს დღე გადატანილ განსაცდელს გვახსენებს. მაგრამ ტრაგედია გვაძლიერებს, – მთელი ჩვენი ისტორია ამას მოწმობს.
9 აპრილიც ამისი მაგალითია.
ამ ტრაგედიამ მოგვცა ძალა, რომ დაგვეძლია საბჭოთა იმპერიის ტყვეობა და შეგვექმნა საძირკველი დამოუკიდებლობისთვის.
9 აპრილის გარეშე არც რეფერენდუმი იქნებოდა, არც – მაშინდელი დამოუკიდებლობა და არც დღევანდელი.
როგორც აღდგომა მოჰყვება ვნების კვირასა და ქრისტეს ჯვარცმას, რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას.
დღევანდელი საქართველო მათ მონაპოვარზე დგას.
არ შეიძლება, არ ახსოვდეს საზოგადოებას, არ შეიძლება, არ იცოდეს ახალგაზრდობამ იმ ადამიანების თავგანწირვის შესახებ, რომლებმაც მოგვიტანეს თავისუფლება.
არ შეიძლება, საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ, რომელიც იდგა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში.
არ შეიძლება, საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას აქ შეკრებილი უზენაესი საბჭოს წევრების მიმართ, რომლებსაც წვლილი მიუძღვით 28 წლის წინ დამოუკიდებლობის გამოცხადებაში.
სწორედ მათ შეძლეს, აღედგინათ 1921 წელს რუსეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის წართმეული დამოუკიდებლობა.
შემთხვევითი არ არის, რომ დღეს აქ ერთად არიან 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახების წევრები და ის ადამიანები, რომლებმაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.
სიმბოლურია, რომ აქ უნდა ყოფილიყო პირველი პრეზიდენტის მეუღლე. შემომითვალა, რომ ვერ მოვიდოდა, და მგონია, რომ უნდა ვახსენოთ აქ.
ეს ადამიანები, ყველანი, საქართველოს ამ გამარჯვების მონაწილეები არიან.
სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ აქ, ამ სასახლეში საქართველოს სახელმწიფოს მთელი ხელისუფლება შეიკრიბა და გამოხატავს პატივისცემას თქვენ წინაშე.
ამით დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი იდგმება ქვეყნისა და საზოგადოების შერიგებისა და გამთლიანების მიმართულებით.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე განვლილი გზა გვიჩვენებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთსულოვნებას ქვეყნის წინსვლისთვის.
ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ უთანხმოებაში, დაპირისპირებაში, გაუტანლობაში. წინსვლის გზა კი ერთიანობაში, საერთო მიზნისკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაში, ერთმანეთის პატივისცემაშია.
სახელმწიფოებრიობის განმტკიცება საზოგადოებრივი თანხმობის გარეშე შეუძლებელია.
სწორედ ასეთი თანხმობა შედგა 1989 წლის 9 აპრილს და ამან განაპირობა რეფერენდუმის შედეგები.
დღეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი და უძლიერესი იარაღი. ამ რეფერენდუმზე დგას არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, არამედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლეგიტიმაცია.
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა და პლურალიზმი, მაგრამ, ამასთან ერთად, მისი წინსვლა წარმოუდგენელია ერის ერთსულოვნების გარეშე.
დარწმუნებული ვარ, რომ შერიგებითა და ერთსულოვნებით საქართველო გახდება წარმატებული, თანამედროვე, ძლიერი, ევროპული სახელმწიფო, სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც 30 წლის წინ, 9 აპრილს წინ აღუდგნენ რუსულ აგრესიას.
დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდით თქვენ, როდესაც ხელს აწერდით ამ ისტორიულ, დამოუკიდებლობის აქტს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე: საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებმა:
დიმიტრი ქებურიამ, იგორ ჩხეიძემ და ზვიად ძიძიგურმა.