“ჩემო შაკო, მალე გამოგყვები მა…”,_ წერს “ფეისბუკის” გვერდზე მარტვილში გარდაცვლილი ბიჭის მამა და თავისი შვილების ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ბიჭები ცეკვავენ. თვითმკვლელობის მიზეზებზე რა ვერსიები აქვს შაკო ნაჭყებიას მამას, ეს ალბათ მან პოლიციას უთხრა. 20 აპრილს სამართალდამცავებმა დაკითხეს პოლიციის შენობაში 15 წლის მოზარდის მამა. ასევე დაკითხულები არიან სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებელი, თანაკლასელები და ის ადამიანები, ვინც სიკვდილამდე მოზარდი ნახა. საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით, თვითმკვლელობით აღიძრა.
სკოლიდან დაბრუნებულმა ძმამ ნახა შაკო ეზოში თოკით ჩამოკიდებული. შემდეგ მეზობლებმა ჩამოხსნეს და პოლიცია გამოიძახეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნით გაირკვევა ხომ არ იყო ბიჭი ძალადობის მსხვერპლი და ხომ არ აქვს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება.
თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ პედაგოგებსაც. მათი თქმით, შაკოს მესამე გაკვეთილზე მოაკითხა მამამ და კლასის დამრიგებელს უთხრა, რომ შვილი აცრის ჩასატარებლად პოლიკლინიკაში მიყავდა. მამა სკოლის დირექტორსაც გაესაუბრა. ამის შემდეგ მამა-შვილი სკოლის შენობიდან გავიდა. ერთ-ერთი ვერსიით, მამამ შვილს სკოლაში შენიშვნა მისცა, რადგან მასწავლებელმა უთხრა მამას, რომ მის შვილს მეტი შეეძლო. ამბობენ, რომ მამის ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღო შვილმა. თუმცა მას არ ადასტურებენ სკოლაში. პედაგოგების და სკოლის დირექტორი კატეგორიულად გამორიცხავს სკოლაში მამა-შვილს შორის რაიმე სახის ინციდენტს. მათი თქმით,
მამა- შვილი მშვიდად გავიდნენ შენობიდან. ამას ადასტურებს სკოლის სათვალთვალო კამერებიც. დადგენილია, რომ მამას შვილი იმ დღეს პოლიკლინიკაში არ მიუყვანია. ეს მიზეზიც განმარტა მამამ, ის ამბობს, რომ ბავშვის დაბადების მოწმობა სახლში დარჩათ და საბუთის გარეშე კლინიკაში მიყვანას აზრი აღარ ჰქონდა.
ის რომ შაკო სახლში მარტო მივიდა, ამას ადასტურებენ მეზობლები. მან ჯერ მეზობლად მცხოვრებ თანაკლასელს გაუარა სახლში და ქართულის წიგნი სთხოვა. როგორც ეს ბავშვი ამბობს, არანაირი აღელვება მას შაკოსთვის არ შეუტყვია. ხელში პური ეჭირა, ამ დროს სახლში ცხელ პურებს აცხობდა დედაჩემი და დავპატიჟე შემოსულიყო და ერთად გვეჭამა, მაგრამ მითხრა, რომ არ შიოდა, წავიდა სახლში და მითხრა, საღამოს მოვიდოდა წიგნს მომიტანდა და ცოტას ვიჭორავებდით. Aმის შემდეგ გავიგე ეს საშინელი ამბავი, უთქვამს პედაგოგისთვის იმ თანაკლასელს, რომელიც ბოლოს შეხვდა შაკოს. თანაკლასელს ვირუსი ჰქონდა და ბოლო ორი დღე სკოლაში არ უვლია. მისთვის შაკოს ასეთი ნაბიჯი შოკისმომგვრელია.
როგორც მეზობლები ამბობენ, შაკო და მისი ძმა ყველა მეზობელს უყვარდა და ყველას ეცოდებოდა, რადგან ბიჭები დედის გარეშე იზრდებოდნენ. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ძალიან უჭირდათ ეკონომიურად, მაგრამ მეზობლების თქმით, ისეთი ვითარება არ იყო, რომ ბავშვს ამის გამო თავი მოეკლა.
მეზობლის მონათხრობი:
_შაკოს ბებია და ბაბუა ძალიან კარგი, პატიოსანი ხალხი იყვნენ. აქ ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მერე საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდნენ და იქ ცხოვრობდნენ, ეს სახლი დაკეტილი ჰქონდათ. მერე გელამ შეირთო ცოლი, ამბობენ თბილისში, ვაგზალზე გაიცნო ის გოგო და გაუჩნდათ ორი ბიჭი. მისი ცოლი ერთი ორჯერ თუ გვყავს სოფელში ნანახი, მერე არც გამოჩენილა. ამ საკითხზე გელას არასოდეს ვეკითხებოდით, რადგან არ უყვარდა საუბარი. ერთხელ ვკითხე და შეაგინა თავის ყოფილ ცოლს. პატარა შვილები დატოვა და ის ქალი წავიდა. მგონი შვილებს არც ახსოვთ დედა. ბავშვები ამბობდნენ დედა ციხეშიაო, მგონი ნარკოტიკებზე იხდიდა სასჯელს. ხან ამბობდნენ ვიღაც დაჭრაო. ციხიდან გამოსულია და მერე გათხოვდაო. ერთი სიტყვით არავინ იცის რეალობა ამ ქალზე. ის ვიცით რომ შვილები არასოდეს მოუკითხავს, სურვილი რომ ჰქონოდა შვილების ნახვა არ გაუჭირდებოდა, მითუმეტეს საპატრიარქოს სკოლაში იყვნენ და ნებისმიერ დროს შეეძლო ენახა შვილები. ბავშვებიც არ საუბრობდნენ დედაზე. არც კი ახსოვდათ. არ ვიცი რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება გელამ, ქუთაისიდან საცხოვრებლად მარტვილში, მშობლების სახლში დაბრუნდა და აქ მარტო ზრდიდა თავის შვილებს. მამამისი ქუთაისში ცხოვრობს, იმასაც აკითხავდა ხოლმე, ამ ამბის შემდეგ ჩამოვიდა, კაცი განადგურებულია. დადის ოთახში და მოთქვამს. ბავშვს დამტირებელიც არავინ ჰყავს. მამა, ძმა და ბაბუა არიან მხოლოდ მისი ჭირისუფალი. მთელ რაიონის ტკივა ეს ამბავი. საშინლად განიცდიან თანაკლასელები და ვინ იცის დღეში რამდენჯერ მოდიან. ყველას უყვარდა შაკო და ტრაგედიაა მისი ასეთი სიკვდილი.
_ ეკონომიურად ძალიან უჭირდათ? განაგრძეთ კითხვა: