საქალაქო სასამართლოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქონებრივ დავაზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.
მხარეებს შორის დავის საგანია 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი იყო. სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
„საქმე ეხება ქორწინების პერიოდში, მოპასუხე დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონიშვილის მიერ შეძენილ სამ სატრანსპორტო საშუალებას (PORSCHE CAYENNE, BMW X5, MERCEDES-BENZ GL 450), რომელთა საშუალო საბაზისო ღირებულება, მოსარჩელის განცხადებით, არის 68 000 აშშ დოლარი.
სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნო ავტომანქანების PORSCHE CAYENNE-სა და MERCEDES-BENZ GL 450-ის ნაწილში. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ MERCEDES-BENZ GL 450-ის გასხვისებით მიღებული სარგებლის 1/2 ნაწილის, კერძოდ 15500 ლარის გადახდა დაეკისრა. ავტომანქანა BMW X5-ზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღა”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.