საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება; ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა.
„2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი; მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა; პროდუქციის გამოშვებამ 14,8-დან 54 მილიარდს გადააჭარბა. საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურებამ 998-დან 2760 ლარამდე მოიმატა. ეს მაჩვენებელი მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აჭარბებს. მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3-დან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამ მიღწევების შესანარჩუნებლად უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება. ბიზნესის გაძლიერებასთან ერთად, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბის გაფართოებაც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა კორპორაციის ფართო მანდატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სხვა მექანიზმებთან გაერთიანების გზით, თანამედროვე, მასშტაბურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდება და მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც.
„შენარჩუნდება უკვე ნაცნობი მექანიზმები და გაჩნდება დამატებითი ბერკეტები. კორპორაცია ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებას კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით. საბოლოოდ, მთავრობას ექნება კიდევ უფრო მოქნილი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები კერძო სექტორის გასაძლიერებლად. ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე. მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინვესტიციას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს და ყველა ადამიანს, ვინც კორპორაციის შექმნის იდეის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სამომავლო პროექტების პრეზენტაცია გამართა კორპორაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გაბრიაძემ.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.















