პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გოგა ფეიქრიშვილების ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, გოგა ფეიქრიშვილმა წუხელ ვენები გადაიჭრა.
როგორც მან „ფორმულასთან“ განაცხადა, გოგა ფეიქრიშვილს სურდა „ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“, რომელსაც დაზიანებები მას შემდეგ მიაყენეს, რაც საკანში რამდენიმე პირი, მათ შორის, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ შეასახლეს.
„გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა და არ გაგრძელებულიყო ეს ფიზიკური ზეწოლა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პატიმრები დააცალკეონ, რადგანაც დაპირისპირებულები არიან. ციხის თანამშრომლებმა ეს ყველაფერი მშვენივრად იციან.
დავით ფეიქრიშვილს ოთხი ნეკნი აქვს მომტვრეული, თავის ქალა, სახის ძვრები ჩამტვრეული და სისხლნაჟღენთები აქვს და გამოძიება არ არის დაწყებული. ის „ვივამედში“ მას მერე გაიყვანეს, რაც აღნიშნულ ფაქტზე დედამ გააკეთა კომენტარი. წუხელ 22:00 საათზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული მე-8 დაწესებულებაში და პატიმარი აჩვენეს შუქ ჩამქრალ საკანში. ამიტომ, არ შეამჩნია თუ ვერ შეამჩნია დაზიანებები [ვერ გეტყვით]. თვითონ დავით ფეიქრიშვილი დაზიანებებზე სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვერ ეტყოდა, იმიტომ, რომ ორი კაცი იჯდა მასთან ერთად საკანში. ტყვე არის“, – განაცხადა პაატა გოგიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.
