გეგმები, რაც “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ვერ განხორციელდება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს.
“ეს არის არა ღია, არამედ დაფარული, კონსპირაციული ურთიერთობა, მაგრამ გეგმები, რაც “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ვერ განხორციელდება. შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, საკონსტიტუციო რევოლუცია – უამრავი რამ შეიძლება ამას ეწოდოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამ კონტექსტში ვოლსკიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 20 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
“პრაქტიკულად უნდა მომხდარიყო ის, რომ უქმდებოდა “საარჩევნო კოდექსის“ დიდი, მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც მოჰყვებოდა კოდექსში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. არის წინასაარჩევნო პერიოდში, პარლამენტში კვორუმის შეკრების სირთულე, ამ პოლიტიკურ საკითხზე პარლამენტში მყოფ ჯგუფებს შორის პოზიციების შეუთანხმებლობა, უმრავლესობის და უმცირესობის დაპირისპირება, შიდა კონიუნქტურის შეცვლა – საბოლოო შედეგით შეიძლებოდა დაშვება იმისა, რომ ვერ გადაგვედგა საკანონმდებლო ნაბიჯები. ვიღებდით იმას, რომ “საარჩევნო კოდექსი“ არ არსებობს – არ არსებობს არც მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, არც კანდიდატურების პროგრამები და ვერც სწორდება სიტუაცია. სწორედ ქვეყნის ამ კრიზისში შეყვანის საშიშროებაა გადალახული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.