ლისის ტბაზე პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტებმა მინისტრს კითხვები „თიბისი„ ბანკის საქმესა და პოლიციელის მხრიდან ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაუსვეს.
მინისტრმა „თიბისი“ ბანკის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება შესაბამისი სამსახურების მიერ.
„სერიოზული პროგრესი გვაქვს „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის ნაწილში ზუსტად იმ ვადებში, რომელიც მე საზოგადოებას განვუცხადე საპარლამენტო ტრიბუნიდან, გვექნება ის შედეგი, დააკმაყოფილებს და მოხსნის ყველანაირ კითხვის ნიშანს” ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით აწარმოებს.
საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თიბისი ბანკიდან გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.