კლუბი ბასიანი ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„2013 წლის 17 მაისს, ყველამ ვიხილეთ როგორ გაუსწორდა ათიათასობით ადამიანი მშვიდობიან მანიფესტანტებს, რომლებიც ჰომოფობიასა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქუჩაში აღნიშნავდნენ.
ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 6 წლის თავზე ქვიარ ადამიანები დღემდე ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით მინიჭებული შეკრების და მანიფესტაციის უფლებით.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისში სიძულვილის ჯგუფების მხრიდან არაერთი აგრესიული დამოკიდებულების მომსწრენი გავხდით, რომლებიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან მოქალაქეებს.
გამოხატული ძალადობა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰომოფობიის პოლიტიკურ ხასიათს, სისტემურობასა და სიმძიმეს.
ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების მიუხედავად მუქარის ფაქტებზე სათანადო და დროული სამართლებრივი რეაგირების საკითხი ისევ გამოწვევად რჩება.
არაერთხელ გვითქვამს, რომ საზოგადოებაში არსებული მანკიერებებისა და სოციალური უთანასწორობის დასაძლევად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ხოლო ამ ბრძოლაში ქვიარ ადამიანების პრობლემები და საჭიროებები არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, მათი საკითხი კი პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული.
ვდგავართ რა რადიკალიზაციის საფრთხის წინაშე, BASSIANI / HOROOM მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ პირს, დაუყონებლივ აღკვეთონ მოსალოდნელი ძალადობა და უზრუნველყონ ქვიარ ადამიანების უსაფრთხოება, მათ შორის საჯარო მსვლელობის სრული უსაფრთხოება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა შეეძლოს მისთვის მინიჭებული საყოველთაო უფლებებით სარგებლობა.
მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა-იქნება ეს პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საზოგადოების პოლარიზება, დაშლა და დაქუცმაცება, რადგან საერთო სიკეთისა და კეთილდღეობის მისაღწევად ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო საზოგადოების გაერთიანება“. – ნათქვამია განცხადებაში.