მამუკა გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დავწერ იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე:
✅ აქციაზე მისული ხალხის დიდი უმრავლესობა გუშინდელი ფაქტით აღშფოთებული და გაბრაზებული ადამიანები იყვნენ, ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე. აქციის დასაწყისი სწორედ ამ მუხტით წარიმართა.
✅ პირველი დისონანსი მაშინ გაჩნდა, როცა ვიღაცამ მიკროფონში თქვა, როგორც რუსეთს ვყავართ ოკუპირებული, ასევე ყავს ნაც-მოძრაობას ეს აქცია ოკუპირებულიო. მაშინვე წაართვეს მიკროფონი, აგინეს და გაიგდეს. შემდეგ უგულავამ ყველას თხოვა, რომ მსგავსი “ქოცების პროვოკატორები” ძალადობის გარეშე გაეყვანათ კორიდორით.
✅ დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ამირან შალიკაშვილმა (უმცროსმა) დაგმო ამ ადამიანის მიმართ ძალადობა, რა გინდოდათო, რატომ ცემდითო. ჰოდა ისიც კინაღამ გაიფინეს. საბოლოოდ თავი შეიკავეს, ნაცების მხრიდან აგინეს მხოლოდ და ხალხმა გაიყვანა (კულტურისკენ და არაძალადობისკენ მოწოდებები ხალხს რომ აღიზიანებს და ამისთვის რომ ჯერ მზად არ ვართ ფაქტია (ნიაზის მაგალითი გაიხსენეთ)).
✅ შემდეგ ძველ პოლიტიკურ სახეებს ენაცვლებოდნენ ახალგაზრდები. წამოაყენეს ულტიმატუმი (კობახიძის, გახარიას და სუსის უფროსის გადაყენება უნდოდათ), და ზოგიერთი პირდაპირ ითხოვდა ბიძინას წასვლას და მთავრობის გადადგომას.
✅ სპეციალური სცენა მოუწყვეს რუსთავი 2-ს, თავის განათებებით, და ფაქტიურად შოუ-რუმად აქციეს ეს სივრცე. ამ ყველაფრით სახეგაბრწყინებულმა ნიკა გვარამიამ გვერდზე ჩამიარა (თან დაცვა ახლდა).
✅ და აი, პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებიც რომ დაიწყო, მე მაშინ დავტოვე აქცია.
ჩემი კომენტარი ასეთია:
1. საქართველოში არცერთი პოლიტიკური ძალა არ გვყავს ისეთი, რომ თან ძალა ჰქონდეს, და თან საღად აზროვნებდეს. სრული უპასუხისმგებლობა გამოავლინეს როგორც ქოცებმა, ასევე ნაცებმა. არ შეიძლება მშვიდობიანი აქციის მიზნით მისულ ხალხს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდო და მისი რისხვით ბოროტად ისარგებლო!
2. სპეცრაზმის ქმედება არის სამარცხვინო და ამაზრზენი. თავის არეში რეზინის ტყვიების დაშენა მათი მხრიდან კრიმინალია და ამ ყველაფრის გამო ქოცების რეიტინგი საბოლოოდ დასამარდა.
3. რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა და ეს როგორც მთავრობის, ასევე მათი პასუხისმგებლობაცაა, ვინც პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა! ყველაზე ტრაგიკული და სამწუხარო სწორედ ეს იყო მთელ ამ მოვლენებში. და სამწუხაროა, რომ ამ თვალებით მანიპულირებას ისევ პოლიტიკური ძალები შეეცდებიან.
4. უკვე მერამდენედ გაჩნდა სასიცოცხლო საჭიროება ახალი, ახალგაზრდული, საღად მოაზროვნე, კომუნისტური და პოსტ-კომუნისტური გავლენებისგან თავისუფალი პოლიტიკური ძალის შექმნისა, რომელიც ინტელექტზე იქნება დაფუძნებული და არა “ემოციურ პატრიოტიზმზე”. და რომელსაც თუნდაც მსგავსი აქციების ჯანსაღად ორგანიზება შეეძლება.
5. ამ ყველაფერში დამნაშავე პირველ რიგში საპატრიარქოა, რადგან მათი თავოსნობით იყო ორგანიზებული ასამბლეა, რომლის ლიდერიც რუსი დეპუტატი იყო (და ეს საპატრიარქოს კარგად უნდა სცოდნოდა). მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ გირჩს ეყო გამბედაობა, რომ ეს პოზიცია საჯაროდ დაეფიქსირებინა. ეკლესია კგბ-სგან იმართება დღესაც და ესეც გამოვლინდა. აქციაზე ეს თემა საერთოდ არ გაჟღერებულა (არაპოპულარულია ასეთი განცხადებები).
6. ვასაძისნაირ ვითომ პატრიოტ ***ებზე აღარაფერს ვიტყვი.
7. საბოლოოდ ქართველმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა, იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ არ შეეგუება რუსეთისგან ასე თავხედურად თავზე და*მას. “-წერს გურული.