“ყველა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია დროულად დაიწყო და ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არის ერთეული შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი.
„გამოცდები დაიწყო და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია დროულად დაიწყო და ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტმა დააგვიანა საგამოცდო ცენტრში ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. ყველას მოვუწოდებ, გადაამოწმოს საგამოცდო ბარათები და აუცილებლად იქონიოს თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრებში“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.
მისივე ინფორმაციით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან დაიწყება.
„დღეს და ხვალ გამოცდები მიმდინარეობს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაგრძელდება ზოგადი უნარების გამოცდებით და საგამოცდო პერიოდი 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან დაიწყება და ცხადია, ამ პერიოდში საგამოცდო ცენტრები სრულად მობილიზებული იქნება. წელს მოხდა სველი წერტილების განახლება და საგამოცდო ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემით. ყველა პირობაა იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა კომფორტულ გარემოში დაწერონ გამოცდა და გამოამჟღავნონ საკუთარი შესაძლებლობები. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.
ირინა აბულაძე: არის ერთეული შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტმა დააგვიანა, ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი
2019/07/01 11:31:42

კომენტარები
ნანახია: 624 ჯერ