„2011 წლის 26 მაისს ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა, არავის უცდია სახელმწიფო ინსტიტუტების დარბევა, შეჭრა, ავტომობილების ამოტრიალება, პოლიციის კორდონზე იერიშის მიტანა, რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ” – განაცხადა 26 მაისს, საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულმა შალვა ოგბაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, ის, რაც 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მოხდა, იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მისივე თქმით, , „საერთაშორისო ბომჟის“ რევანშიზმი ისევ ძალაშია.
„26 მაისი იყო როგორც წყალგამყოფი, ერთ-ერთი ნიშანსვეტი. ჩვენი, მაშინ დაზარალებული ადამიანების ცხოვრება გაიყო 26 მაისამდე და 26 მაისი შემდეგ. 2011 წლის 26 მაისი იყო სადამსჯელო ოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელიც დღესაც გრძელდება თითოეული ჩვენგანის მიმართ. მხედველობაში მაქვს ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს ეს ხელმოცარული და გაკოტრებული ორგანიზაცია ეწევა. რასაც დღეს ისინი აკეთებენ, ეს არის უტიფრობა და არა სინანული,“ – განაცხადა ოგბაიძემ. ოგბაიძე იხსენებს, რომ მაშინ მომიტინგეების მოთხოვნა და სურვილი იყო, მიხეილ სააკაშვილს აღლუმი არ ჩაებარებინა.
„ჩვენ გვინდოდა, რომ მთავარსარდალი, რომელიც გორში თვითმფირნავის ხმის გაგონებაზე მიწაზე ფოფხავდა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩააბარა რუსეთს, მას უფლება არ ჰქონდა მიეღო აღლუმი. ეს იყო და ეს. დააკვირდით როგორ აკანკალებთ ამ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ ორგანიზაციებს. გამაოგნებელია „საერთაშორისო მაწანწალის“ პოზიცია, რომელსაც ოდნავი სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნია, რაც მან 26 მაისს გააკეთა. ესენი არიან კოლექტიური სააკაშვილები. ერთადერთ სინანული, რაც იგრძნობა შემდეგია – რატომ ბოლომდე არ ჩაგკალით! აი, ასეთ ადამიანებს დღესაც კბილები უკაწკაწებს, რომ რევოლუციური გზით მობრუნდნენ და ის საქმე მიიყვანოს ბოლომდე, რასაც ჩემი და ჩემი მეგობრების, ჩემი კოლეგების ბოლომდე გაქრობა ჰქვია“ – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.