დიზაინერი მაკა ასათიანი დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, ამჟამინდელი ავტოსალონის ადგილას, საგამოფენო ორანჟერეას მოწყობის იდეას მიესალმება. დიზაინერი ყურადღებას აღნიშნულ ტერიტორიაზე დასარგავ ახალ მცენარეებზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება მთელი ტყე-პარკისთვის სასარგებლო იქნება.
“ძალიან კარგია, რომ ამ ადგილას ახალი მწვანე სივრცე ეწყობა, არცერთი არსებული ხე არ მოიჭრება და სხვადასხვა სახეობის ახალი მცენარეები დაირგვება. ყველაზე მეტად პროექტში ის არის სასიამოვნო, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მთელ ტყე-პარკს მოუარონ და განავითარონ.“ – აცხადებს მაკა ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეათი უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. რაც შეეხება ავტოსალონში დასაქმებულ ადამიანებს, “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი, რომელსაც ხსენებული ფართი ნაქირავები აქვს, ფუნქციონირებას, თანამშრომლებთან ერთად, სხვა ადგილას გააგრძელებს.
პროექტის ავტორი კომპანია “სტუდია 9”-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.
📽️ “ორანჟერეას” კლიპის სანახავად გადადით ბმულზე bit.ly/2WPMtRS