ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა.
ასევე პრეზიდენტის უფლებაა, შეწყალების მოტივი არ განმარტოს.
მაგრამ, ამავდროულად, საჭიროა გონივრული მიდგომა.
პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს მკვლელი (პოლიციელის მკვლელიც, თუმცა, დაზუსტებისთვის: იმ დროს გარდაცვლილი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა), შეიძლება შეიწყალოს სხვა მძიმე თუ უმძიმესი დანაშაულისთვის მსჯავრდებული მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით!
ვისაც სახელმწიფო სამსახურში უმუშავია, ყველამ იცის, რომ არსებობს გარემოებები, რომლებზეც უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ვერ ილაპარაკებენ. გადაწყვეტილების წინმსწრებ თუ თანმდევ პროცესებს ვგულისხმობ.
ეს სახელმწიფო პოლიტიკის თემაა.
საქართველოს ისტორიაში ყოფილა ფაქტები, როცა პრეზიდეტმა შეიწყალა მსჯავრდებული და ამის შესახებ საზოგადოებას არაფერი გაუგია.
ასეთ დროს შეწყალების აქტი გამოიცემა გრიფით „სრულიად საიდუმლოდ“.
ეს პრაქტიკა მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია. მათ შორის, ისეთებშიც, დემოკრატიის მაღალი დონით რომ გამოირჩევიან.
ამიტომაც მგონია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასოდეს იტყვის, რატომ შეიწყალა მსჯავრდებული.
სახელმწიფომ ის უნდა გაარკვიოს, რატომ არ გამოიცა შეწყალების აქტი გრიფით „სრულიად საიდუმლოდ“ და თუ ამ გრიფით გამოიცა, მაშ, რა მოხდა, როგორ გახდა ცნობილი ყველასთვის?!
ამას შეწყალების აქტის გამოცემის „გასაპრავებლად“ არ ვწერ, მხოლოდ იმიტომ მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინტერესები მალაპარაკებს.
იმედი მაქვს, შეწყალებულის მიერ გაწეული სამსახური ნამდვილად ღირდა და ღირს იმად, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი და სახელმწიფოს იმიჯი ასეთი დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო.
ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვივიშვიშოთ, ვინ შეიწყალა, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რატომ შეიწყალა.
პრეზიდენტის პასუხი – „იმიტომ!“ – მაფიქრებინებს, რომ ეს გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.
ნუ შფოთავთ, ბოლოს მაინც ყველაფერი გაირკვევა და ჩვენ მივიღებთ პასუხს კითხვაზე – „რატომ?“ – წერს მძინარაშვილი.