ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად, პარლამენტს 2019 წლის 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე თანხმობას სთხოვს, ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
„იმისთვის, რომ მივაღწიოთ Brexit-ს აზრიანად უნდა მოვიქცეთ პარლამენტთან მიმართებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ კანონმდებლებს ამ საკითხზე ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების საბოლოოდ დამტკიცებამდე განხილვისთვის მეტი დრო სჭირდებათ, ამ დროს მივცემ, თუმცა თემთა პალატას მოუწევს, თანხმობა განაცხადოს არჩევნების 12 დეკემბერს ჩატარებაზე. აი ასე უნდა წავიდეთ წინ,“- განაცხადა ჯონსონმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„თუ არჩევნებზე მე ხმათა უმრავლესობას მივიღებ, მაშინ ჩვენ მოვახდენთ Brexit-ის რატიფიცირებას, თუ მანამდე არ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება,“- განაცხადა ჯონსონმა. მისი თქმით, თუ პარლამენტი 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების გამართვას დათანხმდება, მაშინ საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა 6 ნოემბერს მოხდება.
ახალი არჩევნების დასანიშნად მთავრობას პარლამენტის დეპუტატების 2/3-ის თანხმობა სჭირდება. ჯონსონის „კონსერვატორულ პარტიას“ ამის შესაძლებლობა არ აქვს. „ლეიბორისტების“ ნაწილის მხარდაჭერის გარეშე ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
22 ოქტომბერს ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის დაჩქარებული Brexit-ის გეგმა ჩააგდო.
მანამდე პრემიერმინისტრმა ჯონსონმა დეპუტატები გააფრთხილა, რომ Brexit-ის გადავადების შემთხვევაში ის ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. კენჭისყრის შემდეგ კი განაცხადა, რომ ის შეაჩერებს საკანონმდებლო საქმიანობას იქამდე, სანამ ევროკავშირი თავის ჩანაფიქრებს არ წარადგენს.
17 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა 19 ოქტომბერს თემთა პალატამ Brexit-ის გადავადებას მხარი დაუჭირა.
20 ოქტომბერს ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა, მისთვის ხელი არ მოუწერია. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ Brexit-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა.
Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.