პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკური ქველმოქმედების აქტებს, ერთგვარ საქველმოქმედო ინვესტიციებს. ეს კი ადამიანების დასაქმების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას.
ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილის ამ ინიციტიავას „ეროვნულ საქმეს“ უწოდებს.
„კიდევ ერთი ეროვნული საქმე წამოიწყო ბიძინა ივანიშვილმა. წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხორციელება უპრეცედენტო მასშტაბის საშვილიშვილო გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს რეგიონს და მთელ ქვეყანას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წმინდა წყლის ქველმოქმედებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკური ქველმოქმედების აქტებს და ახორციელებს ერთგვარ საქველმოქმედო ინვესტიციებს, რომლითაც ქმნის ინფრასტრუქტურას ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს კი ადამიანების დასაქმების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – წერს ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში.