ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი და მგონია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ძალები ამ ამბების გამოყენებას ეცდებიან, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ სინოდის დღევანდელ სხდომასთან და ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემები ყველგან არის და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ ის, რომ დღემდე მისი უწმინდესობა ამ სირთულეების გონივრულად დაძლევას ახერხებს, ამას დანახვა და პატივისცემა უნდა.
“პირველი ემოცია და შთაბეჭდილებები არის ძალიან მძიმე და რთული. ჩვენ საზოგადოებას, რომლის უდიდესი ნაწილიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომელიც ღელავს და გულის ფანცქალით ელოდება ამ ამბების გაგრძელებას, სჭირდება სიმშვიდე და მეტი წინდახედულება, განსაკუთრებით ჩვენ, პოლიტიკოსებს, რომელთა სიტყვასაც ალბათ უფრო მეტი აწონვა და გაზომვა სჭირდება. პირველი ემოცია, რაშიც ეჭვი არ მეპარება, არის მისი უწმინდესობის, საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის სიბრძნე და ავტორიტეტი. მის უწმინდესობას ბევრი და ალბათ მთელი ერის სიმძიმე აქვს მხრებზე შედგმული და მას ალბათ დღეს მოუხდა დიდი ტკივილისა და დიდი ნერვიულობის გადატანა, ისევე როგორც გადააქვს მას მთელი ეს წლები რაც ის საქართველოს პატრიარქია.
მე გამაოგნა და აღმაშფოთა მეუფე პეტრეს სიტყვებმა და ქმედებებმა, არ მივიღებ არანაირ ბრალდებას და უმძიმეს განცხადებას, რაც მან გააკეთა. ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც პატივს ვცემთ კონსტიტუციურ შეთანხმებას, მიმაჩნია, რომ როდესაც ასე ახლოს არის მართლმადიდებელი ეკლესია შეზრდილი საზოგადოებასთან, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ეს ყველაფერი. პრობლემები ყველგან არის და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ ის, რომ დღემდე მისი უწმინდესობა ახერხებს ამ სირთულეების გონივრულად დაძლევას, ამას დანახვა და პატივისცემა უნდა.
მე მგონია, რომ ასეთი იერიში მის წინააღმდეგ არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. მის უწმინდესობას გულისტკივილითაც უთქვამს, როდესაც ეპისკოპოსი იყო და კრიტიკით გამოდიოდა მეუფე პეტრე, რომ მისთვის მოულოდნელია ესეთი ქცევა, ზოგიერთი სასულიერო პირის, რომელიც მის წიაღში გაიზარდა. მე პირველ რიგში მინდა ვისურვო, რომ სასულიერო პირს, რომელსაც ჰყავს ასეულობით სულიერი შვილი, მათ თავად უნდა მისცენ ამ ადამიანებს მოწიწების და პატივისცემის მაგალითი, ის განცხადება კი არაფერში არ ჯდებოდა.
ის რაც ჩვენ მოვისმინეთ უწმინდესობის მიმართ, ამას ვერასდროს მივიღებ. გავუფრთხილდეთ პატრიარქს, რომლის მხრებზე, ნერვებზე, სიმშვიდეზე გაიარა ამდენი წლის ზრუნვამ. უდიდესი ავტორიტეტი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. მე ძალიან სახიფათო პროცესებს ვხედავ. ეს არ არის მარტივი ამბავი, მგონია, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი და მგონია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ძალები ეცდებიან ამ ამბების გამოყენებას,” – განაცხადა ბესელიამ.
პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ “წმინდა სინოდმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, უსამართლოდ განმაყენა მღვდელთმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის მხილება”.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან გადააყენა.