თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია პარლამენტის შენობის მიმდებარე ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე;
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა თავისუფლების მოედნიდან სავაჭრო ცენტრ “მერანამდე” ორმხრივად აკრძალულია;
რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის გამზირის პარალელური თაბუკაშვილის ქუჩის გავლით შეუძლიათ;
სოლოლაკიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელია დანიელ ჭონქაძის ქუჩის გავლით;
შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადისთვის თავისუფლების მოედნის გავლით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ პუშკინის და ლეონიძის ქუჩის გავლით,”– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საპატრულო ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ავტოტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებენ.