მე და ცოტნეს ადვოკატი ქეთი ბექაური ვისხედით, ცოტნე კი ფეხზე იდგა – ვერ ჯდებოდა, ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული, – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“გლდანის ციხის ჯოჯოხეთიდან გამოსული ცოტნე გამსახურდია 2012 წლის 28 ოქტომბერს (ესეც სიმბოლურია!) პირველად “ობიექტივში” მოვიდა. სწორედ “ობიექტივი” იყო ის მედიასაშუალება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებული (რა ცინიზმია!) ცოტნეს განთავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვდა ყოველდღე!
“ობიექტივის” ფოიეში ჩვენი შეხვედრის ემოციებზე არაფერს ვიტყვი. ერთი საათი ვსაუბრობდით პირდაპირ ეთერში. მე და ცოტნეს ადვოკატი ქეთი ბექაური ვისხედით, ცოტნე კი ფეხზე იდგა – ვერ ჯდებოდა, ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული.
გადაცემის დაწყებამდე ფორმატის შეცვლა შევთავაზე, – რაკი ვერ ჯდები, მაშინ სამივე ვიდგეთ მეთქი. კატეგორიული უარი მითხრა.
მთელი გადაცემის განმავლობაში უხერხულობას ვგრძნობდი – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის გლდანის ჯოჯოხეთგამოვლილი ვაჟი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ვერ ჯდებოდა და დამოუკიდებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ლაპარაკობდა!
ახლა კომპიუტერთან არ ვარ, საღამოს მოვძებნი იმ გადაცემას და გამოვაქვეყნებ. ცოტნეს დაჭრის გამო, სააკაშვილის, მისი თანამეცხედრის და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების ფარისევლური ვიშვიში რომ არა, არც გამოვაქვეყნებდი, რადგან ცოტნეს მაშინდელი მდგომარეობის გახსენება არ მიყვარს. მაგრამ, რასაც ვისმენ და ვხედავ, იმდენად აღრეულია ღირებულებები, რომ ცოტნეზე თავდასხმით და მისი მძიმედ დაჭრით ცინიკურ სპეკულაციასაც არ ერიდებიან!
ცოტნეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ამჯერად გაგაცნობთ მხოლოდ ორიოდ ფრაგმენტს, რომელიც 7 წლის წინ “ობიექტივის” საიტზე გამოქვეყნდა. ტექსტი თვალნათლივ გვიჩვენებს ცოტნეს მაშინდელ განწყობებს:
“ციხეში ჩემთვის გარესამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი წყარო რადიო იყო. მადლობას ვუხდი „ობიექტივს“ იმ ღვაწლისთვის, რომ პატიმრების თემას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. მომწონს ის მოდელიც, რაც „ობიექტივს“ აქვს არჩეული.
ჩემი გათავისუფლების წინა დღეს დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი, რომ ვიდრე სამართლებრივი მექანიზმი არ შეიქმნებოდა, მერჩივნა, რამდენიმე თვის კვლავ ციხეში გატარება; არც მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მჭირდებოდა და არც საპროცესო გაფორმებას ვაპირებდი და ვაპირებ. დედაჩემს მოვთხოვე, შეწყვეტილიყო ყოველგვარი საუბრები ამ თემაზე. როგორც ჩანს, ვიღაც მაღალჩინოსანმა მოისმინა ეს ყველაფერი. ხშირად მოქმედებს ხოლმე სააკაშვილი ჯინაზე. იმპულსური და გაუწონასწორებელი ადამიანია და სწორედ ამას ვუკავშირებ ჩემს გათავისუფლებას. ამ ნაბიჯით სააკაშვილმა გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვა. პატრიარქს მისთვის ბევრი რამ უთხოვია, მაგრამ დიდად არ შეუწუხებია თავი”, – წერს ბონდო მძინარაშვილი.