“თიბისი ბანკისა” და საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური პარტიის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარეა. როგორც ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, “ლელო საქართველოსთვის” ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა იქნება.
“დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, სამოქალაქო ომის ტრაგედიამ, ახლად შექმნილი ოჯახის შენახვის ელემენტარულმა საჭიროებამ და, რაც მთავარია, ჩემი თავისუფალი ადამიანის პოვნის სურვილმა 23 წლის ასაკში დამოუკიდებელი საქმის დაწყება გადამაწყვეტინა. ბიზნესის, რომელიც ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მრავალი მარცხის მიუხედავად, ბევრი ადამიანის წარმატებულ საქმედ ვაქციეთ. და დღეს, 29 წლის შემდეგ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვიწყებ გაცილებით დიდ და მასშტაბურ საქმეს. ეს საქმე უკვე ჩვენს ქვეყანას ეხება.
საქართველო დღეს ღრმა, სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისშია. დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა, არაპროფესიონალიზმი, კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყანას განსაცდელში აგდებს. მას ფაქტობრივად მართავს ერთი ადამიანი, რომელსაც დასაკუთრებული აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები და მთელი მმართველობითი ვერტიკალი. ის აფერხებს საერთაშორისო პროექტების განხორციელებას და საქართველოს შრომისუნარიან მოსახლეობას უცხოეთში სამუშაოდ აგზავნის. რა არის ჩვენი ხელისუფლების გეგმა, მარიხუანას პლანტაციების მოყვანა?! აზარტული თამაშები?! სწორედ ეს არის დაუშვებელი და მათი პოლიტიკა – საქართველო ქართველების გარეშე. მმართველმა ძალამ სრულად გადაიბარა წინა ხელისუფლების ყველა ის მანკიერება, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგითაც მოვიდა. უკვე წლებია, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი სისტემა, რომელსაც მორალურად გაკოტრებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა მართავს. სწორედ “ლელო” არის ამის ალტერნატივა, სწორედ “ლელო” გახდება ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური საბჭოს წევრებიც წარადგინა, მათ შორის არიან დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, საბა ბუაძე, მამუკა კაციტაძე, კახა კოჟორიძე, ლაშა ბაქრაძე, გრიგოლ გეგელია, ანა ნაცვლიშვილი, ირაკლი კუპრაძე, ბადრი ჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე იქნება.