ადვოკატი დავით ასათიანი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს.
“დაახლოებით 17 წელია ომეგა ჯგუფი ჩვენი კლიენტია და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის გვერდით ვედექით ამ ბიზნეს-ჯგუფს არაერთ რთულ სიტუაციაში. კომპანია “ასათიანი და ადვოკატები” დღემდე, ამჟამადაც ახორციელებს სამართლებრივ დახმარებას ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების სასარგებლოდ 30-მდე სამოქალაქო, ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის საქმეზე.
საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ყველა მოქმედება ეფუძნებოდა და ეფუძნება ნდობას, კლიენტის ნებასა და მის საუკეთესო ინტერესებს. არც ერთი ნაბიჯი კლიენტთან შეთანხმების გარეშე არ გადაგვიდგამს.
ჩვენი პროფესიის უმთავრესი პრინციპი საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაციის კონფიდენციალობაა. ჩვენი უპირველესი ფუნდამენტური უფლება და ვალდებულებაა დავიცვათ პროფესიული საიდუმლოება და კონფიდენციალობის აბსოლუტური პრივილეგია გასული დროის მიუხედავად, ანუ სიცოცხლის ბოლომდე.
ჩემი მხრიდან შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა – ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, პირადი, დელიკატური, კომერციული თუ სხვა), რაც 20 წლიანი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მიმიღია საიდუმლოდ დარჩება ჩემი ცხოვრების ბოლომდე.
დასანანია რაც დღეს გავიგე სატელევიზიო სივრციდან. კომენტარს ვერ გავაკეთებ პროფესიული საუბრების ფარულ და უკანონო ჩაწერაზე, შინაარსით მანიპულირებასა და ამის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებაზე, ეს სხვა განხილვის საგანია.
დაბოლოს, ყოველთვის მოხარული ვიქნები ომეგა ჯგუფისა და მისი თანამშრომლების (რომელთაგანაც ბევრთან პირადი, მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებს) წარმატებული საქმიანობის.” – წერს ასათიანი.