საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილის მერის გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„მართლმსაჯულება საარჩევნო კალენდარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არცერთ დემოკრატიაში სასამართლო არ ეკითხება პოლიტიკურ პარტიებს და არ ეკითხება საარჩევნო პროცესს, რომ წელს ან ორ თვეში ხომ არ გაქვთ არჩევნები და შეიძლება თუ არა ამ თუ იმ საქმეზე გადაწყვეტილება მივიღო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ იმ საქმეებზე, რომელზეც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, ყველაფერი გამჭვირვალედ, სამართლიანად იქნება განხილული.
„ჩვენ ვერ ვიტყვით წინასწარ და ვერავის ვერ მივცემთ რაიმე პირობას თუ რომელ საქმეზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ ის, რომ ჩვენ არანაირი პოლიტიკური მოტივაცია ამ საქმეებთან არ გაგვაჩნია და არანაირი ბერკეტიც არ გვაქვს იმისთვის, რომ სასამართლოს საქმიანობაში ჩავერიოთ და ეს პოლიტიკურ კონტექსტში იყოს განხილული.
პირიქით, მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეების გამოყოფა მაქსიმალურად პოლიტიკური მოლაპარაკებიდან და საარჩევნო დისკუსიიდან არის უფრო ჯანსაღი და უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ გარემოს პოლიტიკური მოლაპარაკებების დასასრულებლად. სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ ის განცხადებები, რაც გააკეთეს პატიმრობაში მყოფმა პირებმა, ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების პროცესს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
არ მსურს, ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“ დაწერა.