სახელოვანი წინაპრების გარდა საქართველოსა და უკრაინას, სამწუხაროდ, აკავშირებთ ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, – ამის შესახებ უკრაინელი ხალხის, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებისადმი ქართული საზოგადოების მიმართვაში წერია, რომელიც რეჟისორ ბუბა ხოტივარის, პოეტ კობა არაბულის, მწერლისა და მთარგმნელის ლერი ალიმონაკისა და ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ არის ინიცირებული.
„სახელოვანი წინაპრების გარდა ჩვენს ქვეყნებს, სამწუხაროდ, აკავშირებთ ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ჯერ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ კი ხანგრძლივმა სასამართლო პროცესებმა ორჯერ დაადასტურა მისი ბრალეულობა უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებებში. ცრუ და მოძალადე პერსონა, რომელიც მთლიანად დისკრედიტებულია არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ უკრაინელთა დიდი ნაწილის თვალშიც, რომლებმაც მისი ნამდვილი წარსულიც გაარკვიეს და ადგილზეც იხილეს მისი ზღვარსგადასული პოპულიზმი, წარმოადგენს სირცხვილს ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნულია მიმართვაში.
ქართულმა საზოგადოებამ უკრაინელი ხალხის, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებისადმი მიმართვა გაავრცელა.