დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“როცა პოლიტიკური ელიტა ზეზეულად ლპება,-
სულ ცოტა მეოთხედი საუკუნეა ვხედავთ ამ ლპობის პროცესს, – როცა ყალბი იდეოლოგიური შტამპებით ანადგურებ შეძლებულ საშუალო კლასს და არანორმალური სიმდიდრის ადამიანთა ვიწრო კასტას აჩენ,
როცა პურიტანებისა და მისი შთამომავლების კონსერვატიულ ქვეყანაში ნეო-ლიბერალური თახსირობებით ხალხის გარყვნას სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვან, – სასჯელი მოდის გარდაუვალად!
როცა ეს ნეო-ლიბერალიზმი ტოტალიტარული რეჟიმის მეთოდებით იძულებით ინერგებოდა ყველგან –
შინაგანად დამუხტული და პრობლემებში გახვეული საზოგადოება იფეთქებდა აუცილებლად!
ასეც მოხდა!
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა მხოლოდ საბაბი იყო, რომელმაც ააფეთქა დამუხტული საზოგადოება!..
ეპიდემიან მხოლოდ დააჩქარა პროცესები…
აშშ ჯერ სრულად არა,
მაგრამ უახლოვდება მე-20 საუკუნის 60-იან წლებს… დაპირისპირებასა და ტერორს საზოგადოებაში…
ჰანა არენდტს აქვს შესანიშნავი ნაწარმოები (1951) ”ტოტალიტარიზმის სათავეები”.
არენდტი წერს, რომ ”…ინდივიდუალიზმი და საზოგადოების დაქუცმაცებულობა ის ფაქტორებია, რომლებსაც მივყავართ ტოტალიტარიზმამდე. რაც უფრო იზოლირებულია ადამიანი საზოგადოებაში, მით უფრო მიმზიდველი ეჩვენება მას ტოტალიტარული იდეოლოგია. ამ ხალხს დაკარგული აქვს საზოგადოებრივი კავშირები და მათ მიერ ფორმირებული კოლექტიური იდენტურობები.”
ყველა ნიშანი დღევანდელ საქართველოში აშკარად გამოკვეთილია: 25-წლიანმა ნეო-ლიბერალურმა მარაზმმა და ცხოვრების ყველა სფეროს გარყვნამ, ახლა ნეო-ლიბერალურ ტყლაპოში ღორივით კოტრიალმა, რაც ქართულ ხელისუფლებას და ე.წ. წინწახტუნებულ ნაგავს ახასიათებს, – საშიში განწყობები შექმნა!
გასაგებია, საიდან ჩნდება მიდრეკილება “ძლიერი ხელის” გაჩენისა?! გასაგებია, საიდან იღებს სათავეს სტალინის მონატრება-დაბრუნების სურვილი?! (კარგად კიდევ ერთხელ წაიკითხეთ, რაც ზემოთ დავწერე).
საქართველოშო დომინირებული ხდება
სოციალური ანომია!
(ფრანგ. სიტყვიდან ”anomie” – უკანონობა, უნორმობა). ჩვენში უფრო სლენგია გავრცელებული – “ბესპრედელი”…
ანომია გამოხატავს საზოგადოებბის მდგომარეობას, რომლის დროსაც სოციალური და მორალური იმპერატივები და წესები არამდგრადია, პიროვნებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობას იქამდე მივყავართ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების “გარეთ” გარიყულად გრძნობს თავს და… კონფრონტაციაში მოდის მის ნორმატიულ მიწერილობებთან…
ეს ხდება დღეს აშშ-ში!
ეს მოხდება საქართველოშიც – გარდაუვალად მოხდება, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბორტს იქით გადაგდებულია… არავის აღარაფრის სჯერა… “სიმართლე” – ირონიულ კონტექსტში გაიგება.
ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება უკვე ტოტალიტარულ რეჟიმში აზროვნებს და მოქმედებს საკუთარი იდეური “ბელადების” ირგვლივ გაერთიანებულნი… სხვა აზრის მატარებელი ყველა მათი მტერია… ანუ მივედით იქ, საიდანაც თითქოს ამ 30 წლის წინათ უნდა გამოვსულიყავით.
რაციონალურ მსჯელობას, პროფესიულ ხედვებსა და პასუხისმგებლობით გამსჭვალულ პოზიციას ფასი არა აქვს – არავის სჭირდება და… სწორედ ეს განწყობები ხდება სათავე ამ სისტემის გარდაუვალი კრახისა!” – წერს გიორხელიძე.