დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტების ადვოკატების სარჩელი უკვე სააპელაციო სასამართლოშია. მეორე ინსტანციამ საქალაქოს იმ გადაწყვეტილების განხილვა უნდა დაიწყოს, რომლის მიხედვითაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დარჩნენ.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატის განცხადებით, ის სასამართლოს 20-ათას ლარიან გირაოს შესთავაზებს. გადაწყვეტილების გადასინჯვისთვის სასამართლოს 72 საათი აქვს.
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს გამოძიება, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედებას ედავება. დაკავებულების ადვოკატები, საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსების ნაწილი დავით გარეჯის საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება, რომლითაც დააპატიმრეს ქალბატონი ნატალია ილიჩოვა, გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. ვითხოვთ პატიმრობის გაუქმებას, გირაოს გამოყენებას. 20 000 ლარის გირაოს ოდენობას ვითხოვთ. ყველა პირობა არსებობს იმისა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს, უფრო მეტიც არც უნდა ყოფილიყო პატიმრობა გამოყენებული,” – განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა სულხან კომახიძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.