ზემო სვანეთის 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზემო სვანეთში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დიდი უპირატესობით იმარჯვებს. წინასწარი მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ხმათა 68% აქვს, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ 12.28%-ით, მესამე ადგილზე – 6.47% „ლელოა“, ხოლო მეოთხეზე „ევროპული საქართველო“ – 4.62%-ით.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, „ქართული ოცნების“ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს 64%-ზე მეტი ხმა აქვს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 13,9 პროცენტით. მესამე ადგილზე გავიდა „თარხან მოურავი-ირმა ინაშვილის“ პარტიის კანდიდატი 12.67%-ით ხოლო მეოთხეზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი 3%-ით.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს არ არის საბოლოო შედეგი, თუმცა შესაძლოა მცირე ცვლილებებს ჰქონდეს ადგილი, რაც მისივე თქმით, საბოლოო შედეგებზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად მესტიის საარჩევნო ოლქში 9 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. 40 საარჩევნო უბნიდან ერთი სპეცუბანი იყო. საკუთარი არჩევანი 5 272-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
მთელი დღის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები მესტიაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და დარღვევებზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა.