ზუგდიდში, მმართველი პარტიის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არ აქვს ხმების ის რაოდენობა, რომ მან გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. მან ხმების დაახლოებით 48% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა კი, 37%-ზე მეტი.
“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენმა მაჟორიტატობის კანდიდატმა პირველ ტურში დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა, თუმცა ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამარჯვება პირველივე ტურში გაგვეფორმებინა, მაგრამ მე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის სახით ზუგდიდელებს ეყოლებათ ძალიან ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად ოპოზიციის შეთანხმებული პოზიციისა, მეორე ტურში გამარჯვების გაფორმების მხრივ ჩვენ უფრო მეტი შანსები გვაქვს, ვიდრე გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციას.ასე, რომ მეორე ტურში ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას აუცილებლად გავიფორმებთ.
სწორედ ის, რომ სახელისუფლებო გუნდის წევრს, მაჟორიტარობის კანდიდატს ძალიან მცირედი აკლდება იმისთვის, რომ პირველ ტურში გადალახოს ბარიერი და გახდეს მაჟორიტარი დეპუტატი, მიანიშნებს იმაზე, რომ გაყალბებებზე და კანონდარღვევებზე საუბარი შეუძლებელია. აქ, ძალიან გამჭვირვალედ და კანონის დაცვით ჩატარდა საარჩევნო პროცესი. მეორე ტურისთვის მზადებას ჩვენ დღეიდან ვიწყებთ,” – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გეგა შენგელიამ.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის ოლქში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების 50%-ზე მეტი.