ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნა არის ძალიან დიდი რამ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნაზე განაცხადა.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ თვითმფრინავის მგზავრი იყო, რომელიც ახლად გახსნილმა ბილიკმა პირველად მიიღო.
„ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. მინდა, მოგილოცოთ ყველა თქვენგანს რაჭა-ლეჩხუმის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დაწყება, ეს აეროდრომი აშენდა უპრეცედენტოდ მოკლე დროში. ერთი თვის წინ მე ვიყავი აქ ამოსული და მაშინ აქ იყო ტრიალი მინდორი. ამოვედი კომპანია “ბლაუენშტაინში”, მოვინახულე ფერმერები და დღეს აქ არის აეროდრომი, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის ამ რეგიონისთვის, უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრებლებისთვის, რადგან აქ იქნება რეგულარული რეისები შესაძლებელი იქნება რაჭაში წლის ნებისმიერ დროს ერთ საათზე ნაკლებ დროში ამოსვლა და დედაქალაქში ჩასვლა ნებისმიერ დროს. ეს არის ძალიან დიდი რამ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სრულიად ახალი ეტაპი იწყება ამ რეგიონის მცხოვრებლებისთვის, აქ იქნება ძალიან ბევრი ტურისტი.
„სულ ცოტა ხანში განვითარდება ინფრასტრუქტურა, განვითარდება ახალი საოჯახო ტიპის სასტუმროები, განვითარდება ზამთრის კურორტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე არ იყო ეს შესაძლებელი. ეს აეროდრომი კი, ყველაფერს შესაძლებელს ხდის. მეც თქვენთან ერთად ისე მიხარია, მართლა მიჭირს საუბარი. წლის ბოლომდე, როგორც ვთქვით, აქ დასრულდება ტერმინალის მშენებლობა. ეს იქნება აბსოლუტურად გამართული საერთაშორისო სტანდარტის სამთო აეროდრომი. ეს არის ჯერ პირველი ნაბიჯი, შემდგომში ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით – შოვი, უწერა, გზა აუცილებლად აშენდება. მარტო აეროპორტი არ ეყოფა რეგიონის განვითარებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.