გერმანიაში, ბრანდენბურგში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ კარლსრუეს ფედერალურმა გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.
გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი, ვადიმ ი., სულ მცირე 2025 წლის ივლისიდან შუამავლის მეშვეობით კონტაქტობდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან. რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მას გერმანიის ტერიტორიიდან რუსული დაზვერვისთვის სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა.
პროკურატურის განცხადებით, მოპოვებული ცნობები ეხებოდა ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო მასალის წარმოებას, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ასევე პერსონალსა და იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება. ინფორმაციის ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო, თუმცა სხვა დეტალებს ეჭვმიტანილი ევროპული თავდაცვის სექტორში მომუშავე პირებთან პირდაპირი კონტაქტით მოპოვებას ცდილობდა.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა იძიებს საქმეებს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება და უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობას უკავშირდება.
