ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატები ვენაში საქმიანობდნენ და მათი ქმედებები „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი“ იყო – ეს ფორმულირება, როგორც წესი, ჯაშუშობას უკავშირდება, იუწყება Reuters-ი.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ოთხივე დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ავსტრიის დატოვება დაევალა.
სამი მათგანი ავსტრიაში რუსეთის საელჩოში მუშაობდა, ერთი კი – ეუთოში რუსეთის წარმომადგენლობაში, სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე.
ამ გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან ავსტრიიდან გაძევებული რუსი დიპლომატების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, წერს Reuters-ი.
ავსტრია ნეიტრალური სახელმწიფოა, თუმცა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ , ქვეყნის მთავრობები პოლიტიკურად უკრაინას უჭერენ მხარს.
Reuters-ის ცნობით, ავსტრიის ხელისუფლება, როგორც წესი, დიპლომატების გაძევების კონკრეტულ მიზეზებს საჯაროდ არ განმარტავს. თუმცა, მაისში, როდესაც ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევეს, ვენამ მიზეზად რუსეთის დიპლომატიური შენობების სახურავებზე განთავსებული ანტენების დიდი რაოდენობა დაასახელა. ავსტრიის მხარის შეფასებით, მათი გამოყენება ჯაშუშობისთვის შეიძლებოდა.
ვენა საერთაშორისო დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. ქალაქში განთავსებულია ეუთოს შტაბ-ბინა და გაეროს ორგანიზაციები, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
