საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა უკანონო პატიმრები დაუყონებლივ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.
ახვლედიანის თქმით, გახელაძის გასათავისუფლებლად ქვეყანა მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს.
“გაიმართა სიღრმისეული მსჯელობა, სადაც ჩვენი კომპეტენციების მიხედვით წარმოვადგინეთ დღემდე განხორციელებული საქმიანობა, ინტენსიური ნაბიჯები, როგორც ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ იმ მიზნით, რომ საქართველოს ყოველი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე, რომელიც დღესდღეობით იმყოფება უკანონო პატიმრობაში დაუყონებლივ და უპირობოდ იყვნენ გათავისუფლებული,” – განაცხადა თეა ახვლედიანმა.