შესაძლო ომის მომდევნო ეტაპი ინდოეთის ოკეანეზე გავრცელდება, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა, გენერალ-მაიორმა იაჰია რაჰიმ საფავიმ განაცხადა.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის მტკიცებით, თუ ამერიკელები და ისრაელი რაიმე ფორმით კვლავ თავს დაესხმებიან ირანის ეროვნულ ცენტრებსა და ინტერესებს, ამჯერად საომარი ფრონტი უფრო ფართო იქნება და ვინაიდან კონფლიქტი უკვე გასცდა სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეს და წითელ ზღვამდე გავრცელდა, შესაძლებელია, რომ აშშ-თან მოსალოდნელი ომის მომდევნო ეტაპზე საომარი ფრონტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ინდოეთის ოკეანე ან სხვა ტერიტორიებიც მოიცვას.
საფავის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები სცენარების შემუშავებისას დიდი გამჭრიახობით მოქმედებენ და უკვე მოამზადეს გეგმები ყველაზე ცუდი სცენარებისთვის.
„ჩვენ ვფლობთ ძალიან კარგ სადაზვერვო ინფორმაციას და სრულად ვაკვირდებით ამერიკელებს ხმელთაშუა ზღვიდან დაწყებული — წითელი ზღვისა და ინდოეთის ოკეანის ჩათვლით; ვიცით, სად იმყოფებიან მათი ხომალდები, თვითმფრინავები და სამხედრო ძალები და სრულ მზადყოფნაში ვართ (ბრძოლისთვის); რა თქმა უნდა, ირანი მუდმივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ესწრაფვის. ირანი ომის მომხრე არ არის; ჩვენ მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, თუმცა, თუ ომს თავს მოგვახვევენ, აგრესორებს წინ აღვუდგებით“, – აღნიშნა ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა.
