ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზება კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, საერთაშორისო წარმომადგენლებისა და სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა.
„პრემიერ-მინისტრისა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ქალბატონ დეგნანისა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის, ბატონი ჰარცელის დღევანდელი შეხვედრის მთავარი განხილვის საგანი იყო საქართველოს მოქალაქის, გახელაძის, დე-ფაქტო ცხინვალის მიერ უკანონო პატიმრობაში ყოფნა. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად აკვირდება და სწავლობს პრემიერმა თავად მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პატივცემულ ელჩებს. ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ამ თემასთან დაკავშირებით. საერთაშორისო წარმომადგენლების, ისევე, როგორც მთლიანად, სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის დაძლევა. ჩვენ, პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად ვმუშაობთ და გავაგრძელებთ აქტიურ ღონისძიებებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.