პარტიის “ლელო საქართველოსთვის” ყოფილი წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს აძლიერებს.
მისი თქმით, მიუღებელია ხელისუფლეების წინააღმდეგ ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად. ლევან კობერიძემ “დღის კურიერში” განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები, თუმცა აქვე განმარტავს, რომ დღეს პარლამენტმა პოლიტიკური ლეგიტიმაცია დაკარგა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლასაც და არშესვლასაც უკვე ერთი ფასი აქვს.
“პროტესტი გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით უნდა იყოს, თუმცა ჩემთვის, არ არის მისაღები იმ ადამიანებთან, ვისაც თავის დროზე ბევრი აქვს გაყალბებული, მოსახლეობის ნდობა არ აქვს დამსახურებული და მათთან ერთად იბრძოდე და იცავდე ამომრჩევლის ხმებს, რომელიც ჩვენ და პირადად მე, მომცეს. იმთავითვე განვაცხადე, იქ სადაც იქნებოდა “ნაციონალური მოძრაობა” მე იმ მიტინგზე და გადაწყვეტილების მიღების შეკრებაზე, არ ვიქნებოდი.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ “ქართული ოცნების” გაშვება გვინდა ხელისუფლებიდან, რაც უმთავრესი ამოცანაა ოპოზიციის და მათ შორის, ჩემიც, ასეთ დროს არ შეიძლება პარტნიორად გყავდეს ის ძალა, რომელიც ორპოლუსიანობას ათამაშებს. რეალურად, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთ თამაშს თამაშობენ და კვებავენ ერთმანეთს.
მესამე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების, აშშ-ის და ევროკავშირის იმ პარტნიორების, ვინც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, მათი მოსაზრებები, ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის არის მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელი პოლიტიკური დღის წესრიგის. არ შეიძლება ხან მოგწონდეს მათი მოსაზრებები, როდესაც ემთხვევა შენ ინტერესს და არ შეიძლება ხან არ მოგწონდეს, როგორც ხშირ შემთხვევაში იქცევა ზოგიერთი პოლიტიკური პარტია. ჩემთვის მათი რეკომენდაციები არის ზოგადად საპასუხისმგებლო,”-განაცხადა “დღის კურიერში” ლევან კობერიძემ.