ასეთი განცხადებები შეიძლება განხილული იყოს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უკრაინის ელჩის მისამართით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
საელჩოს განმარტებით, უკრაინა არასოდეს ჩარეულა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და არც მომავალში მიმართავს ასეთ ზომებს, ამასთან, კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ასპარეზზე ასეთ ქმედებებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საჯარო პირები არიან, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფოში, საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციების გამართვის მოწოდებებისგან. მსგავსი განცხადებები შეიძლება განხილული იყოს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. უკრაინას არასდროს მიუმართავს და არც მომავალში მიმართავს ასეთ ზომებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ასპარეზზე ასეთ ქმედებებს.
უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ აქვს არანაირი საფუძველი, ბრალმდებლის ემოციების გარდა. უკრაინული დიპლომატია არ მიაქცევს ამას ყურადღებას და გააგრძელებს რუსეთის ჰიბრიდულ აგრესიასთან ეფექტურ ბრძოლას, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციას უკრაინის მხარდასაჭერად, გახსნას ახალი ბაზრები უკრაინელი ექსპორტიორებისთვის და წარმატებით დაიცვას თავისი თანამემამულეების უფლებები საზღვარგარეთ.
ერთ-ერთი ბოლო რეზონანსული შემთხვევა, როდესაც უკრაინელს საზღვარგარეთ თავისი ქვეყნის დახმარება დასჭირდა, იყო საქართველოში იახტის დაკავება, რომელზეც უკრაინის მოქალაქეები ვლადიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი და საქართველოს მოქალაქე მიხაილ ბატურინი იმყოფებოდნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში დადანაშაულება უსაფუძვლოა და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.
ეს საკითხი თბილისში ჩვენი საელჩოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. დაკავებულების გასათავისუფლებლად საელჩომ გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. უკრაინის კონსულმა დაკავებული პირების და მათი ოჯახების დაკავშირება უზრუნველყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა საელჩომ თბილისში გაგზავნეს შესაბამისი ნოტები და შუამდგლომლობა. უკრაინელი დიპლომატები აკეთებენ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ამ საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვისკენ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი, და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში არ ეხმარება. ამის შემდეგ სააკაშვილმა იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.