იოსელიანს გადაეცით, რომ სამარცხვინოა მათი მოქმედება და გამობრძანდნენ უკან პარლამენტიდან, – ამის შესახებ „ლეიბორისტების ლიდერმა“ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საპარლამენტო მანდატებზე და დეპუტატის პრივილეგიებზე საუბრისას განაცხადა, რა დროსაც „მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ასევე პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა.
ნათელაშვილის თქმით, დეპუტატი ისე უნდა დადიოდეს ფეხით, მგზავრობდეს მეტროთი, ტროლეიბუსით ისევე, როგორც ხალხი.
მისივე განცხადებით, ლევან იოსელიანს მილიონები აქვს „ლარსი ჰესიდან“, რომლის მეშვეობითაც “თერგი გაქრა”.
„ლევან იოსელიანს მილიონები აქვს „ლარსი ჰესიდან“ , რომლის დირექტორებიც თვითონ და მისი ძმა ბრძანდებოდნენ. „ლარსი ჰესის“ მეშვეობით თერგი გაქრა, გრიგოლ ორბელიანის სიმღერა – „თერგი რბის, თერგი ღრიალებს, მთები ბანს ეუბნებიან“, – დაგვრჩა მხოლოდ და მხოლოდ მოგონებად, თერგი აღარ არსებობს და უშუალოდ, ხელისუფლების დავალებით, მოდერატორები ლევან იოსელიანი და თავისი ძმა იყვნენ.
იოსელიანს გადაეცით, რომ სამარცხვინოა მათი მოქმედება და გამობრძანდნენ უკან პარლამენტიდან. ნუ ვაჭრობენ ხალხის ბედით. მათ საქმიანობაზე, აუცილებლად მოხდება საქმის აღძვრა და ყველაფრს შეისწავლიან, რაც მათ ჩაიდინეს.
მათი და ხელისუფლების ვაჭრობა ჩვენთვის ცნობილია, ხოლო არაფერს რომ არ ვამბობდი და დიპლომატიურად ვდუმდი, არ ნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაცას აყლაპებენ,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.
ამის შემდეგ „ლეიბორისტების“ ლიდერმა „მოქალაქეების“ ლიდერს პირადად მიმართა და ჰკითხა, იყო თუ არა „ლარსი ჰესი“ მისი, ხოლო დირექტორი კი მისი ძმა, რაზეც იოსელიანი მას პასუხობს, რომ: „ჩემი არ ყოფილა არასოდეს, არანიარი კავშირი არ მაქვს მე“.
ნათელაშვილმა კვლავ მიმართა ლევან იოსელიანს და უთხრა: „ჩემი ოჯახის წევრები, ჩემს გამო უმუშევრები არიან 30 წელია იმიტომ, რომ ოპოზიციაში ვარ. ვინ დანიშნავდა ჩემს ძმას „დარიალი ჰესის“ დირექტორად“.
ამასთან, იოსელიანი კვლავ პასუხობს, რომ „ჩემი ძმა ახლაც არის ამ ჰესის დირექტორი, მაგრამ მას ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ იყო ჩვენი შემომწირველი“, რაზეც მას „ლეიბორისტების“ ლიდერი კიდევ ერთხელ მიმართავს – „ზუსტადაც რომ პირდაპირი კავშირი აქვს, თქვენი ძმის საშუალებით მოგდით ფული. ბატონო ლევან, თქვენ საქართველოს ბედით ვაჭრობთ, და დაანებეთ ამას თავი“.
ნათელაშვილს არგუმენტებს ლევან იოსელიანი პასუხობს და ეუბნება, რომ მასთან ამ თემაზე კამათს არ აპირებს.
„ბატონო შალვა, ამაზე თქვენთან კამათი არ მინდა, რადგან როცა პოლიტიკურ ვაჭრობაზე ლაპარაკობთ თქვენგან ძალიან უხერხულია”, – აღნიშნა იოსელიანმა.