,,ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე, შესაბამისად, მას მოუწევს გირაოს გადახდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კალაძე ამბობს, თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, გარეთ იქნება, თუ შევა ციხეში.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს, თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, ის გირაოს გადაიხდის. შეიძლება, პირდაპირ არა თვითონ, არამედ მისმა მეგობრებმა გადაიხადონ. მხოლოდ ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, ის იქნება გარეთ, თუ შევა ციხეში. ჩვენ, არც მე, არც ჩვენს თანაგუნდელებს, დაჭერა არ გვიხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს, თან ასეთი მძიმე – ჩვენ გვახსოვს, 20 ივნისს როგორი მოწოდებები კეთდებოდა და როგორ ხელმძღვანელობდა მელია პარლამენტში შეჭრას, შემდეგ კი გაიპარა და ეს ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ასე რომ, ცუდი იყო ის, რაც მოხდა და იმედი მაქვს, მომავალში არ განმეორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.