„ლუზერი“ სააკაშვილის ბრმა მიმდევრებმა, დესტრუქციულმა აქტორებმა საკუთარი ნებით აირჩიეს, იყვნენ „აუთსაიდერები“ დასავლეთის თვალშიც, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ჩაშლილი მოლაპარაკებების პროცესს ეხმაურება.
„სააკაშვილის დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა” საჯაროდაც აღარ მალავს, რომ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი მათთვის არის „ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება” (ავტორი აკო მინაშვილი, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩასაშლელად მიშას მიერ მივლენილი. საზოგადოებაში ფართოდ ცნობილი, როგორც ჯალათი ახალაიების შიკრიკი) და თურმე „დოკუმენტზე, რომელიც პრაქტიკულად მიუღებელია, ჩვენი ხელმოწერა, რა თქმა უნდა, არ იქნება” (ავტორია ხატია დეკანოიძე, უკრაინაში თანამდებობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეობაზე რომ უარი თქვა, შემდეგ გამოაგდეს და მარგველაშვილმა კვლავ დაუბრუნა).
ნინა ანზოროვნა ბურჯანაძისა და გრიგოლ ვაშაძის „მშობლიურ“ ენაზე, რომ დავწერო, ნაცოპოზიციისთვის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული შეთანხმება ყოფილა филькина грамота.
ასევე პარადოქსია, რომ პარტიას, რომელსაც ოქსიმორონული სახელი აქვს (“ევროპული საქართველო”), ასევე არ სურს დათანხმდეს ევროპულ შემოთავაზებებს.
ამგვარი ქმედებებით, ცხადია, აგონიაში მყოფი, „ლუზერი“ სააკაშვილის ბრმა მიმდევრებმა, დესტრუქციულმა აქტორებმა საკუთარი ნებით აირჩიეს, იყვნენ „აუთსაიდერები“ დასავლეთის თვალშიც“, – წერს აბაშიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება და ხელმოწერა ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან არ გამოიყვანდა.
30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.