ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ამერიკელ მილიარდერს ილონ მასკს სთხოვა, უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის დაფარვის ზონა გააფართოოს, რათა უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დარტყმა შეძლოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემების მწვავე დეფიციტი აქვს. კიევში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე Starlink-ის ჩართვა უკრაინას საშუალებას მისცემს, დააფიქსიროს და მიზანში ამოიღოს ის გამშვები დანადგარები, საიდანაც რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს უშვებს, წერს სააგენტო.
„სწორედ ამიტომ ვთხოვ ილონ მასკს, უკრაინელებს მისცეს შესაძლებლობა, Starlink-ი გამოიყენონ იმ ტერიტორიებზე, სადაც ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარებია განთავსებული, იქნება ეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, თუ რუსეთის ტერიტორია. ეს სტრატეგიული მიზნებისთვის იქნება და სიცოცხლეს გადაარჩენს“, – განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ მტკიცე მხარდამჭერად მიიჩნევა და ამავდროულად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობა აქვს, ამის შესახებ Reuters-ს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ინტერვიუში განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხის წინ წამოსაწევად გამოიყენა. მისი წინადადება ითვალისწინებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ობიექტებსა და შავ ზღვაში გემებზე დარტყმების შეჩერებას. რუსეთს ამგვარი შეთანხმებების სურვილი საჯაროდ არ გამოუხატავს.
როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4,5 წლის შემდეგ უკრაინაში შიშობენ, რომ მოსკოვი ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიისა და გათბობის ინფრასტრუქტურის სისტემატურად განადგურებას გეგმავს. ამ ზაფხულს რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ასეთი რაკეტების ჩამოგდება უკრაინას მხოლოდ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით შეუძლია, თუმცა ამ სისტემებისთვის საჭირო საბრძოლო მასალის მარაგი მკვეთრად შემცირდა და გაურკვეველია, საიდან მიიღებს კიევი ახალ რაკეტებს.
ილონ მასკმა Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სერვისი უკრაინის თავზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წელს ჩართო. მას შემდეგ Starlink-ი უკრაინის ბრძოლის ველზე კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად და დრონების მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა.
Starlink-ი რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს. თუმცა, უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინისთვის Starlink-ის ჩართვა მის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემდა, საზღვრიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით განთავსებულ მობილურ ბალისტიკურ სარაკეტო დანადგარებზე დარტყმები განეხორციელებინა.
სტუბმა განაცხადა, რომ ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინას სამი ძირითადი რამ სჭირდება.
„პირველი არის საჰაერო თავდაცვა და, გარკვეულწილად, Starlink-იც შეიძლება იქ საჰაერო თავდაცვისთვის სასარგებლო იყოს. მეორე არის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ზამთრისთვის. მესამე კი ფულია. სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. ვცდილობთ ზამთრისთვის დახმარების პაკეტი შევქმნათ, რადგან, სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ომი ზამთრამდე დასრულდება“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბის თქმით, კარგია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები აგვისტოში განახლდა, როდესაც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვივნენ.
„მე კვლავ ვფიქრობ, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება იქნებოდა. უბრალოდ შეწყდეს მკვლელობა, როგორც ეს პრეზიდენტმა ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა“, – თქვა სტუბმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებზე, ტერიტორიებზე, რეკონსტრუქციაზე, კომპენსაციებსა და სხვა საკითხებზე უნდა გაგრძელდეს.
სტუბის განცხადებით, ომი შესაძლოა ფრონტის ხაზის გასწვრივ „გაიყინოს“, აღმოსავლეთ და დასავლეთ მიმართულებით 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონების შექმნით. მისივე თქმით, მეორე შესაძლო ვარიანტი ენერგეტიკულ და მარცვლეულის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ობიექტებზე ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა.
