დღეს პირველად, სალხინოს მამათა მონასტერში წირვა ხმაურის და დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ამბიონზე ავიდა მეუფე სტეფანეს მიერ დანიშნული წინამძღვარი.
განყენებული მამაოები კი, რომლებსაც მიტროპოლიტმა სინანულისთვის ვადა მისცა, პროცესებს დროებით ჩამოშორდნენ.
დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი ეტაპობრივად დატოვებენ ეპარქიას. ისინი ამბობენ, რომ ჭყონდიდის წინამძღვარ სტეფანესთვის პატიების თხოვნას არ აპირებენ.
“მთელი მრევლი გავაფრთხილე, რომ არ მოვიდეს არავინ, მაქსიმალურად მოვერიდოთ, რომ ხალხის დაპირისპირება არ მოხდეს. მერე გადაწყვიტოს, წავალ ალბათ აქედან, არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთი არ ვნახო. ჩვენ თუ წავალთ, აბსოლუტურად ყველა წავალთ. უსამართლობას ვერ შევეგუები, მონა ვერ გავხდები სტეფანეს, მე ვარ ქრისტეს მონა,”- აცხადებს სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი.
“ვის შეუძლია ჩემი უფლებამოსილების შეჩერება?! მე ადამიანი ვარ, ღვთის შვილი ვარ, ეკლესიის შვილი ვარ და ეკლესიის სწავლებით მომეცა თავისუფლება და ვინ მიზღუდავს. თუ ვარ დასასჯელი და ჩასაქოლი, აქ ვარ, მარტო ვდგავარ აქ,”-აცხადებს ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ათინოგენე.