ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში მალე “ნიჭიერის” ახალი სეზონი დაიწყება. ცნობილი გახდა, რომ ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებებია. პროექტში წელს აღარ იქნებიან “ნიჭიერის” უცვლელი ჟიურის წევრი ია ფარულავა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რეჟისორი ლევან წულაძე. რაც შეეხება ახალ შემადგენლობას, წელს მაყურებელი “ნიჭიერის” ჟიურიში პრეზიდენტის მეუღლეს მაკა ჩიჩუას და ჟურნალისტ ზალიკო უდუმაშვილს იხილავს. ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან ასევე ნიკა გვარამია და რუსკა მაყაშვილი.
“ნიჭიერის” უცვლელი ჟიური იყო მსახიობი ია ფარულავა, თუმცა ამ სეზონზე ის პროექტში აღარ იქნება.
ია ფარულავა: არ მინახავს ჟიურის ახალი შემადგელობა. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა ნანუკა რომ არ იქნებოდა ჟიურიში. ვინ არის ახალი შემადგენლობა?
– მაკა ჩიჩუა, ზალიკო უდუმაშვილი, რუსკა მაყაშვილი და ნიკა გვარამია…
– მაგარი სასტავია, თითოეული ადამიანი რეიტინგულია… რუსკამ დაამტკიცა, რომ შოუს ქმნის, ზაალი ბრწყინვალეა თავის საქმეში და ნიკა თავისთავად… მაკა ჩიჩუა საინტერესო იქნება.
– “ნიჭიერი” ია ფარულავას გარეშე წარმოუდგენელია, თქვენი სურვილით თქვით უარი?
– ასე ნუ იტყვით. ბოლოს, როდესაც “ვანოს შოუში” ვიყავი ვთქვი, რომ ამ პროექტში თავი ამოვწურე. ამერიკულ და ბრიტანულ “ნიჭიერში” ჟიური უცვლელია, მაგრამ იქ სხვა კონტრაქტებია და მაყურებელიც არ ითხოვს მათ შეცვლას. ჩვენი მაყურებელი კი ამ მხრივ გათამამებულია. რაც შეეხება შოუს პროდუსერებს და რეჟისორებს, ისინი პროფესიონალები არიან და ზემოთ წავა რეიტინგები.
– როგორც ვიცით, შარშანაც განიხილებოდა მაკა ჩიჩუა “ნიჭიერის” ჟიურიში, თქვენ გქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია?
– ეს ჩემთვის ცნობილი არ იყო. ახლა გამოდის, შარშან “ნიჭიერის” ჟიურიში რომ ვიჯექი, ნახევრად აქანდაზზეც ვიჯექი (იცინის). გადავრჩენილვარ აქანდაზს და ნაგავში გადაგდებას. არა უშავს, მაინც კარგი სეზონი იყო ჩემთვის.
– საინტერესო იქნება ჟიურის ეს შემადგენლობა?
– ჩემთვის საინტერესო იქნება. იქნება რამდენიმე ეპიზოდი სადაც ცრემლები მოგვადგება, რუსკა კომედიურ ხაზს გაატარებს, ზალიკო ნეიტრალური და ნიკა ენაშხამიანი იქნება. ახლა გამახსენდა, მე და მაკა ჩიჩუა ბავშვობაში მეზობლები ვიყავით. 1989 წელს, მიმყავდა მუსიკალური გადაცემა “პუნქტუმ კონტრა პუნქტუმი”. როდესაც დავიღალე და მომბეზრდა ამ გადაცემის წაყვანა, დაიწყეს ფიქრი თუ ვინ ჩამანაცვლებდა და მაკა ჩიჩუა მივიყვანე ჩემს ნაცვლად. შემდეგ იყო ლევან თუთბერიძის ფილმი, სადაც თამამი სცენების გამო უარი ვთქვი როლზე და მაკა ჩიჩუა გადაიღეს. ალბათ ახლაც დამთხვევა მოხდა. თუ მაკა ჩიჩუამ ჩაანაცვლა ია ფარულავა, ამას მე მხოლოდ მივესალმები.
Ambebi.ge