დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზა, სადაც მოქალაქეებს ვაქცინაციაზე დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ, ამ დროისთვის შეფერხების გარეშე მუშაობს.
„იმუნიზაციის ბაზა ერთ-ერთი დიდი ბაზაა. იქ მარტო კოვიდი არ არის, ბავშვთა იმუნიზაციაც შედის. როდესაც ჩვენ დაავაანონსეთ გახსნა „სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაციის გასავლელად, ასევე 45 წლამდე დაიწია ასაკმა „ასტრაზენეკას“ აცრებზე, ბაზას შეექმნა პრობლემები. იმუნიზაციის ბაზიდან ასევე პრობლემა შეექმნა ყველა ჩვენს დიდ ბაზას. ამაზე გუშინ სერიოზული კვლევები მიმდინარეობდა. ბაზა გასწორდა, მუშაობს. შესაძლოა, მცირე შეფერხება იყოს ხოლმე. როგორც წინასწარი ინფორმაცია მაქვს, გუშინწინ საღამოს, 20:00 საათზე იყო დიდი შემოტევა, დაახლოებით 800 000-მდე ერთდროულად შესვლა და დაკლიპვა ბაზაში, რომელსაც ვერ გაუძლო სისტემამ. ახლა სისტემა მუშაობს. გუშინ კონსილიუმი იყო, რაშიც ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენი ცენტრის და კიდევ რამდენიმე სხვა აიტისამსახური მონაწილეობდა, რათა დიაგნოზი დასმულიყო და შეფერხება გამოსწორებულიყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.