თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, კუს ტბის განვითარებასთან დაკავშირებით ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, ვატო შაქარიშვილმა კახა კალაძის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა. მისი თქმით, მერის განცხადება არანაირად არ ეხება კუს ტბის მეპატრონეების დავას. რევაზ სოხაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის გამოსვლაში ლაპარაკი იყო კუს ტბის კონცეფციის დამუშავებაზე.
„მოგიწოდებთ, რომ ჯერ ყურადღებით მოუსმინოთ მერის გამოსვლას და მის განცხადებას და სწორად გამოიტანოთ შინაარსი. ლაპარაკი იყო არა კუს ტბის რეაბილიტაციაზე და ამისთვის რაიმე სახით ბიუჯეტის ფულის დახარჯვაზე, არამედ კუს ტბის კონცეფციის დამუშავებაზე,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, კუს ტბა იურიდიულად დღეს გასხვისებული და გაყიდულია და ეს არასასურველი მოცემულობაა, რომელთან შეგუებაც მუნიციპალიტეტს უწევს.
„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თავის დროზე საერთოდ არ უნდა გასხვისებულიყო კუს ტბა, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობაა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ კონცეფციის დამუშავებაზე, ლაპარაკია იმაზე, რომ მერმა დაავალა ვიცე-მერს ყველა შესაძლო სუბიექტთან, მათ შორის კუს ტბის იურიდიულ წარმომადგენელთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად კონცეფციის შემუშავება. ვატო შაქარაშვილის განცხადება უბრალოდ პოპულისტურია,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი არის ის, რომ კუს ტბაზე უნდა მივიღოთ ის სიტუაცია, როგორც ჩვენს ქალაქს შეეფერება და რასაც იმსახურებენ ამ ქალაქის მცხოვრებლები.
„ეს კონცეფცია უნდა შეიცავდეს ქალაქის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს კუს ტბა. ვინც არ უნდა იყოს მეპატრონე, მისი ვალდებულება უნდა იყოს ამ კონცეფციის აღსრულება. კუს ტბას უნდა დაუბრუნდეს ლანდშაფტურ-რეკრეაციული ფუნქცია. ეს მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის, შესაბამისად ამ ინტერესებს ემსახურება მუნიციპალიტეტიც,“- დასძინა რევაზ სოხაძემ.