შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა.
თეა ახვლედიანი ენგურჰესის კაშხლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ენგურჰესის იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც მას აქვს მთელი ქვეყნის, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრო მომარაგებისა და ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისათვის.
საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების გასაცნობად თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა როგორც ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებულ გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან, ასევე სტუდენტებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
მინისტრმა ახალგაზრდებთან ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სახელმწიფო მინისტრი სოფელ რუხში, ენგურის ხიდზეც იმყოფებოდა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ადგილზე გადმოსული მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ.
„სამეგრელოს რეგიონში ჩემი სამუშაო ვიზიტი ოკუპაციის მსხვერპლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წლისთავს უკავშირდებოდა. ამავდროულად, ვიზიტი ძირითადად მიზნად ისახავდა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ისევე როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე, მათ შორის ქალთა წინაშე არსებული საჭიროებების და გამოწვევების ადგილზე გაცნობასა და მათი მოგვარების გზების განხილვას. ქალთა როლის გაძლიერება და გაზრდა სამშვიდობო პროცესში, სწორედ ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტია ახალგაზრდების გაძლიერება და ჩართულობაც. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და რექტორთან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ამავდროულად, ადგილზე გავეცანით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებასთან და სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებულ პროცესს ენგურის ხიდზე. დღევანდელი ვიზიტი სრულდება ენგურჰესის კაშხალზე, სადაც გვირაბის გადაუდებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გავეცანით და დღეისათვის ენგურჰესი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.