„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მსვლელობის დროს, აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კახა კუჭავასთან შეხვედრაზე უარი იმის გამო თქვეს, რადგან საკანონმდებლო ორგანოდან მათ მიერ შეთავაზებულ ფორმატთან დაკავშირებით, პასუხი ვერ მიიღეს. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები.
„მათ მივწერეთ, თუ ყველას ერთად შეგვხვდებოდნენ, ყველა ერთად მივიდოდით პარლამენტთან, უკანა შესასვლელიდან, გამოსულიყო პარლამენტის თავმჯდომარე და საკუთარი პოზიცია ეთქვა და გაეცნო ჩვენთვის, რის თქმა უნდოდა. მათგან პასუხი ვერ მივიღეთ და შემდეგ, ბუნებრივია, გადავედით ჩვენს დაგეგმილ დღის წესრიგზე. ეს პროცესი არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
მსვლელობის დროს, სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორს განუმარტეს, რომ ისინი არღვევენ კანონს, რადგან, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნურად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი.
დღეს, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე, ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა შეკრებილებს მიმართა. აქციის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, პალამენტის თავმჯდომარის შეთავაზება მიეღოთ და კახა კუჭავას პოზიცია მოესმინათ. მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა, რომ მისი აპარატიდან დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს და თქვა, რომ „მისი კარი ყველასთვის ღიაა“. მისივე განცხადებით, თანახმაა, აქციის წარმომადგენლებს მედიისა და პირდაპირი ეთერის რეჟიმშიც შეხვდეს. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.