კომპანია ENKA გუმათში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს და აღნიშნავენ, რომ პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება.
„ჩვენ შეშფოთებას იწვევს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. იყო მათი სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს. კომპანია „ენკას“ აღებული აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას თითოეული თანამშრომლის ნებისმიერი სახის საფრთხისა და პროვოკაციისგან. პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას. კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას. ჩვენი შეფასებით, აქტივისტების მიზანია ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთთან და პოლიციას და ამით შექმნან დაძაბულობის კერა. ასევე ხშირია არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროექტის მიმდინარეობის შესახებ. დღესაც, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ტყუილი, თითქოს დაწყებულია კაშხლის მშენებლობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რიონის ხეობაში ხმაურია. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ.