თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტზე, ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე ჩვენებას დაზარალებული მისცემს.
როგორც ვახო სანაია ამბობს, ყველანაირი მტკიცებულება არსებობს საქმეზე სამართლებრივი შედეგი დადგეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
“ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, მე ახალი არაფერი მაქვს სათქმელი. ვფიქრობ, მედიის საშუალებით ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე ვისმენ რაღაც ზღაპრებს დაცვის მხრიდან.
აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი შედეგი ამ საქმეზე. დანარჩენს, სასჯელის ზომა როგორი იქნება და ა.შ. ამას გადაწყვეტს მოსამართლე, მაგრამ მთავარია, რომ პასუხი აგონ ამ ადამიანებმა. სამართლიანი შედეგი იყოს იმ ქვეყანაში, სადაც ლამის ყოველდღიურად ესხმიან თავს და არავინ აგებს პასუხს, ეს უნდა იყოს პრეცედენტი იმისთვის, რომ თავი შეიკავოს ყველამ მსგავსი ქმედებებისგან”,-თქვა ვახო სანაიამ.