2 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნუცა ბუზალაძე სტუმრობდა, რომელმაც ალბანეთის მუსიკალურ ფესტივალსა და საკუთარ გამარჯვებაზე ისაუბრა.
– ნუცა, პირველ რიგში გამარჯვებას გილოცავ. ძალიან სასიამოვნოა, რომ გუშინ ჩამოსული, დღეს უკვე ჩვენი სტუმარი ხარ..
– მართლაც ძალიან მეჩქარებოდა თქვენთან მოსვლა და სიახლეების გაზიარება. ბედნიერი ვარ ფესტივალში გამარჯვებით, თუმცა რამდენიმე დღე მჭირდება ყველაფრის გასააზრებლად. სავსე ვარ ემოციებით და ცოტა დასვენება მჭირდება. ვერც გამოძინება მოვასწარი, ვერც მოწესრიგება, რადგან კონკურსის მონაწილეებთან ერთად აღვნიშნე გამარჯვება, მერე კი, პირდაპირ აეროპორტში გავემგზავრე. ძალიან ვისიამოვნე ალბანეთში, მართალია, კონკურსის წევრები ჩემი კონკურენტები იყვნენ, მაგრამ ყველასთან სწრაფად დავმეგობრდი და ძალიან კარგად გავერთეთ.
ნუცა ბუზალაძე ალბანურ ფესტივალზე გამარჯვების შესახებ: „ვფიქრობ, ახლა „ევროვიზიისთვისაც“ მზად ვარ!..“
– როგორც ვიცი, განსაკუთრებული დახვედრა მოგიწყვეს ფესტივალის ორგანიზატორებმა?
– ალბანეთის ფესტივალს დიდი ხნის ისტორია აქვს და ძალიან პრესტიჟულია მასში მონაწილეობა. ორგანიზატორები ყოველთვის დიდად აფასებენ მონაწილეების მუსიკალურ ნიჭს, თუმცა, ვფიქრობ, მუსიკოსისთვის ნიჭსა და პროფესიონალიზმთან ერთად ადამიანური თვისებები – თავმდაბლობა, კომუნიკაბელურობა, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის და პოზიტიურად განწყობის უნარიც აუცილებელია.
– კოსტიუმი კონკურსისთვის ლაშა ჯოხაძემ შეგიკერა, ვისთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა გაკავშირებს..
– ლაშასთან 16 წლიდან ვმეგობრობ. არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან მიყვარს და ყოველთვის მას ვანდობ სამოსის შეკერვას სერიოზული ღონისძიებებისთვის, რადგან ვიცი, არასდროს დამაღალატებს. ყოველთვის ძალიან ვჩქარობ, ყველაფრის ერთ დღეში გაკეთება მინდა და ლაშამაც კარგად იცის ჩემი რეჟიმი, ამიტომ ხშირად რამდენიმე დღეში უწევს ახალი კოსტიუმის შეკერვა.
– პირად ცხოვრებაში რა სიახლეებია?
– ჯერჯერობით სიახლეები არაა. სიმართლე ვთქვა, ბედნიერი ვარ, რომ ჯერ არ მყავს მეორე ნახევარი, რადგან მუსიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება.
– სოციალური ქსელში შენი გულშემატკივრების ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ძალიან უნდა, რომ „ევროვიზიაში“ მიიღო მონაწილეობა, თავად რა აზრის ხარ?
– ძალიან მახარებს მსგავსი მხარდაჭერა. ალბანეთში სწორედ „ევროვიზიის“ პერიოდში ვიყავი, ყველა უყურებდა კონკურსს ტელევიზიით, მე კი არ მინდოდა , რადგან ვიცოდი, ნერვები მომეშლებოდა. ფესტივალის ყველა მონაწილემ სათითაოდ მკითხა, რატომ არ ვმონაწილეობდი კონკურსში. არ ვიცოდი რა მეთქვა, ნამდვილად არ მინდოდა მეთქვა, ჩემმა ქვეყანამ არ გამიშვა-თქო და ვიცრუე ძალიან დაკავებული ვიყავი, თუმცა მომავალ წელს აუცილებლად გავემგზავრები-მეთქი. თვითონაც ძალიან მინდა „ევროვიზიაზე“ გამოსვლა, რადგან ბოლო წლებში ძალიან გავიზარდე როგორც მუსიკოსი და ვფიქრობ შესაბამისი გამოცდილებაც დავაგროვე, თუმცა საკმარისი დრო, თუნდაც ერთი წელი მჭირდება სრულფასოვნად მომზადებისთვის, სტუდიაში მუშაობისა და სიმღერების ჩასაწერად. სიამოვნებით გავემგზავრებოდი უცხოეთში, იქ მოვემზადებოდი, სტუდიაში ვიმუშავებდი და სიმღერებსაც იქ ჩავწერდი.
– უცხოელებისგან ხომ არ მიგიღია შეთავაზება?
– კი, უკვე შემომთავაზეს „ევროვიზიაზე“ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა, თუმცა უარი ვუთხარი. რატომ უნდა წარვადგინო სხვა ქვეყანა, როცა ქართველი ვარ, მით უფრო, რომ 5 წელია ჩვენი ქვეყანა ფინალში არ გასულა.