„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელსაც მიაჩნია, რომ თბილისის მერი არა რომელიმე პარტიის წევრი, არამედ მეურნე ადამიანი უნდა იყოს.
„მეურნე მერის იდეის მომხრე არ ვარ, მგონია, რომ არჩევით თანამდებობაზე უნდა იყოს პოლიტიკოსი. იმის გამო, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკოსებს სახელი აქვთ გატეხილი, ადამიანები იგონებენ ახალ-ახალ იდეებს, რომლებიც მათი აზრით, ხალხისთვის მისაღები იქნება, მაგრამ ზოგადად, ეს იდეა, რომ ქალაქის მერი პოლიტიკოსი კი არა სხვა ვინმე უნდა იყოს, მცდარია, მით უმეტეს, როცა ამხელა მნიშვნელობა ენიჭება დედაქალაქის მერს. აქედან გამომდინარე, არ მჯერა მაგ იდეის, ვერც ასეთ მეურნე კანდიდატს ვერ ვხედავ ვინმეს, რომელსაც მხარს დაუჭერს ოპოზიცია. ვფიქრობ, რომ ტრადიციული გზით უნდა წავიდეთ. ეს არ არის კერძო კომპანიის მართვა, ამხელა ქალაქის მოვლა-პატრონობა მოითხოვს პოლიტიკურ დისკუსიებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. აქამდე პრობლემა ის იყო, რომ დედაქალაქის მერები არ იყვნენ დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, ყველა ვიღაცის წარმომადგენელი იყო. მხარს დავუჭერ მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და პროპორციულ არჩევნებში „გირჩი“ შემოხაზოს, „გირჩის“ იქით მეორე არჩევანს ვისზე გააკეთებს, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი“, – განაცხადა იაგო ხვიჩამ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა ჰქონდეთ. მისი განმარტებით, ამისთვის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მერობის თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურები არ უნდა წამოაყენონ.